ნავიგაცია

პრესა, რადიო, TV

ფორმა შესვლის

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

არქივი ჩანაწერების

მეგობარი საიტები
  • ქართული ჯარი
  • ტურიზმი
  • სამხედრო ჟურნალისტები
  • ვიდეო,ფოტო გადაღება
  • World Veterans Federation
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz

  • სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    რადიო ინფორმაცია

    მოგესალმები, სტუმარი · RSS 29.04.2024, 05:36

    მთავარი » 2014 » აპრილი » 21 » რა ელით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის პასპორტებს მიიღებენ
    17:27
    რა ელით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის პასპორტებს მიიღებენ

    იმ შემთხვევაში, ისინი ავტომატურად დაკარგავენ საქართველოს მოქალაქეობას, დეპორტის თავიდან ასაცილებლად კი ვიზით სარგებლობა ან ბინადრობის უფლების მიღება მოუწევთ.

    რუსეთში მიღებული კანონის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით შეუძლიათ მიიღონ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა,  რომლებიც რუსულ ენას ფლობენ და ყოველდღიურად იყენებენ მას.

    თბილისში, რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან, სადაც ამჟამად შვეიცარიის საელჩოს რუსეთის საკონსულო განყოფილება ფუნქციონირებს, მისული მოქალაქეები აცხადებენ, რომ იქ მხოლოდ რუსეთის ვიზებისთვის და არა გამარტივებული წესით მოქალაქეობის მიღებისთვის იმყოფებიან.

    საკონსულოს შენობის ფასადზე გამოკრულია განცხადება, რომლის მიხედვით რუსეთის პასპორტის მიღებისთვის საბუთების შეგროვება მხოლოდ იმ პირებმა უნდა დაიწყონ, თუკი მათი ახლო ნათესავი, მაგალითად, მშობელი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. როდის და როგორ შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რუსულ ენას ფლობენ, გამარტივებული წესით მოქალაქეობის მიღებას, ამაზე ოფიციალური განცხადება შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში არ გაკეთებულა.

    საკონსულოს შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს პროცესი საქართველოში, შესაძლოა, 5 მაისის შემდეგ დაიწყოს. რამდენად ბევრი მსურველი გამოუჩნდება საქართველოში რუსეთის მთავრობის შეთავაზებას, რომ გამარტივებული წესით მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა, ჯერ უცნობია. გასული კვირის განმავლობაში „ნეტგაზეთის" ჩატარებულ ონლაინ გამოკითხვაში 243-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და გამოკითხულთა მხოლოდ 12-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ფლობს რუსულ ენას და აპირებს გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღებას. თუმცა ეს გამოკითხვა არ არის რეპრეზენტატიული.

    რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველები სხვადასხვა სახის ბენეფიტს ელიან, მაგალითად, საქართველოდან რუსეთში საცხოვრებლად გადაუსვლელად გაზრდილ პენსიას, რომელიც რუსეთში 500 ლარს აჭარბებს; ან თავისუფლად, უვიზოდ გადაადგილებას რუსეთის ფედერაციაში და ა.შ. მაგრამ ცოტა მათგანს თუ აქვს ინფორმაცია მოსალოდნელი გართულებების თაობაზე საქართველოში.
     
    სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია სულავა ამბობს, რომ როდესაც სახელმწიფო მისი მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შესახებ შეიტყობს, ავტომატურად იწყებს მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურას, რომელიც დაახლოებით 3 თვეს მიმდინარეობს. ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავენ და მაინც მოისურვებენ საქართველოში ცხოვრებას, დეპორტაციის თავიდან ასაცილებლად, მოუწევთ ან ვიზით ისარგებლონ, ან ბინადრობის ნებართვა აიღონ.

    „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის” მოქმედი რედაქცია საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის ბინადრობის მუდმივი ნებართვის მიღებას პირდაპირ ითვალისწინებს, თუმცა პარლამენტმა ამ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ცვლილებების მიხედვით, მსგავსი კატეგორიის მოქალაქეებს მხოლოდ ექვსწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღება შეეძლებათ, ხოლო რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მეუღლე, შვილი ან მშობელი ჰყავთ საქართველოს მოქალაქე, მუდმივი ბინადრობის უფლების მოპოვების საშუალებაც ექნებათ.

    რა მექანიზმები აქვს საქართველოს სახელმწიფოს იმისათვის, რომ გამოარკვიოს მიიღო თუ არა მისმა მოქალაქემ სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეობა, რომ მის მიმართ დაიწყოს კანონით გათვალისწინებული პროცედურის წარმოება? -  ნათია სულავას თქმით, ეს სხვადასხვა უწყებას შორის თანამშრომლობითა და ინფორმაციის გაცვლით მოხდება:
     
    „თუკი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ინფორმირებული იქნება შესაბამისი უწყებებისგან, მაგალითად, სასამართლოსგან, პროკურატურისგან, შსს-სგან და მოიპოვებს ინფორმაციას, რომ საქართველოს მოქალაქე, ასევე, გახდა სხვა ქვეყნის მოქალაქეც, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, დავიწყოთ საქმის წარმოება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ან თუკი ჩვენს ტერიტორიულ სამსახურებში, მათ შორის რეგიონებში, მივა ასეთი მოქალაქე და პირადობის დასადასტურებლად რუსეთის ფედერაციის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის პასპორტი დაფიქსირდება, მაშინ ჩვენი თანამშრომელი ვალდებულია, რომ ეს გვაცნობოს და წარადგინოს ეს ადამიანი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე”.
     
    ამის შემდეგ, როგორც ნათია სულავა განმარტავს, მოქალაქეს საინფორმაციო წერილი ეგზავნება, რომ ჩაერთოს ადმინისტრაციული საქმის განხილვაში, როგორც დაინტერესებული მხარე:

    „თუკი ის ამ წერილის მიღებიდან 20 დღის განმავლობაში დაასაბუთებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა არ მიუღია და არ არსებობს მისი მხრიდან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი, მაშინ საქმის წარმოება შეწყდება”.

    რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებენ, თუმცა საქართველოში არ ჩავლენ და ამ თვალსაზრისით მათი იდენტიფიკაცია რთული იქნება, სულავა განმარტავს, რომ ორმაგ მოქალაქეობას საქართველოს მსგავსად არც ზოგიერთი სხვა სახელმწიფო ცნობს:

    „ამიტომ, როდესაც ისინი იმ ქვეყანაში მოქალაქეობის მიღების პროცედურას დაიწყებენ, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა ავტომატურად მოუწევთ და თვითონვე განაცხადებენ ამის თაობაზე საქართველოს საკონსულოში”.
    რუსეთის ფედერაცია პოსტსაბჭოთა სივრცის რუსულენოვან წარმომადგენლებს გამარტივებული წესით თავისი მოქალაქეობის მინიჭების სანაცვლოდ სწორედ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დატოვებას სთხოვს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. კონსტიტუცია ორმაგი მოქალაქეობის მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებს ითვალისწინებს, როდესაც პრეზიდენტი ანიჭებს ადამიანს საქართველოს მოქალაქეობას.

    კანონის მიხედვით ეს ფაქტი ან სახელმწიფო ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს, ან ასეთ ადამიანს განსაკუთრებული დამსახურება უნდა ჰქონდეს თავისი სამეცნიერო, საზოგადოებრივი საქმიანობით, ან ისეთი პროფესიითა და კვალიფიკაციით გამოირჩეოდეს, რომლითაც საქართველო დაინტერესდება.

     

    ნანახია: 1388 | დაამატა: Multina | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 1
    0  
    1 Multina   (21.04.2014 17:28) [მასალა]
    გილოცავთ კარგი კანონია მალე განახევრდება ეროვნებით ქართველი მოსახლეობა, მაგრამ გაგვიმრავლდება ჩინელი და აფრიკელი მოქალაქეები....30% სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვს მიღებული...

    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.