ვეტერანთა კატეგორიები და სტატუსის მინიჭების წესი
ნავიგაცია

პრესა, რადიო, TV

ფორმა შესვლის

ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

არქივი ჩანაწერების

მეგობარი საიტები
  • ქართული ჯარი
  • ტურიზმი
  • სამხედრო ჟურნალისტები
  • ვიდეო,ფოტო გადაღება
  • World Veterans Federation
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz

  • სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    რადიო ინფორმაცია

    მოგესალმები, სტუმარი · RSS 25.04.2024, 08:14

    საქართველოში ომის ვეტერანების სოციალური დაცვის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს განმარტავს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონები. აღნიშნული კანონებით განსაზღვრულია საქართველოში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შემდეგი კატეგორიები: 

    1. ომის მონაწილე – „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“, „ვ“–„თ“ ქვეპუნქტების, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და მე-9 მუხლით გათვალისწინებული პირები;
    2. ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით გათვალისწინებული პირები;
    3. ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი – „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ე“,  „ი“,  „კ“,  „ლ“,  „მ“, „ნ“ (გარდა იძულებით პატიმრობაში მყოფი მეომრებისა) ქვეპუნქტებით, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები;
    4. სამხედრო ძალების ვეტერანი – „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული პირები;
    5. ომში დაღუპულის ოჯახის წევრი – „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით და მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირები;
    6. მარჩენალდაკარგული – „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები.

                აღნიშნული პირების აღრიცხვა და მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, ვეტერანის მოწმობების გაცემა ხორციელდება სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

    ინსტრუქციის თანახმად, ვეტერანის სტატუსის მაძიებელმა სამსახურის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთების დედნები და დედნების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლები:

    1.  მეორე მსოფლიო ომის მონაწილის და ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის მაძიებელმა:

    ა) ყოფილ სსრკ-ს პერიოდში სამხედრო კომისარიატის მიერ გაცემული მეორე მსოფლიო ომის მონაწილის მოწმობა. მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში საჭიროა წარმოდგენილ იქნეს ცნობა კომპეტენტური ორგანოდან დაკარგული მოწმობის სერიისა და ნომრის აღნიშვნით ან ამონაწერი სააღრიცხვო ბარათიდან;

    ბ) სამხედრო ბილეთი (დედანი და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი შესაბამისი ჩანაწერის სათანადოდ დამოწმებული ასლი);

    გ)  საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი  (დედანი და ასლი)  და საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის მითითებით  სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;

    დ) ომის პერიოდში მიღებული ორდენებისა და მედლების მოწმობები (დედანი და სათანადოდ დამოწმებული   ასლი);

    ე) შეზღუდული შესაძლებლობის შემთხვევაში – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, რომელშიც მითითებული იქნება შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზობრივი კავშირი ომთან;

    ვ) დაბადების მოწმობა (დედანი, ასლი).

    2. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა:

    ა) ყოფილ სსრკ-ს პერიოდში სოციალური დაცვის განყოფილების მიერ გაცემული „შეღავათების უფლების მოწმობა“ (დედანი და სათანადოდ დამოწმებული  ასლი), მისი დაკარგვის შემთხვევაში პირმა კომპეტენტური ორგანოდან უნდა წარმოადგინოს ცნობა დაკარგული მოწმობის სერიისა და ნომრის აღნიშვნით;

    ბ)  საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) და საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის მითითებით  სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;

                 გ) ომის პერიოდში მიღებული ორდენებისა და მედლების მოწმობები (დედნები და ასლები);

    დ) შრომის წიგნაკი (დედანი და სათანადოდ დამოწმებული  ასლი) ან ზურგში მუშაობის დამადასტურებელი სხვა საბუთი (დედანი);

    ე) დაბადების მოწმობა (დედანი, ასლი).    

    3. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის და ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი მოწმობის მაძიებელმა:

    ა) ყოფილ სსრკ-ს პერიოდში სამხედრო კომისარიატების მიერ გაცემული „შეღავათების უფლების მოწმობა“ (დედანი და სათანადოდ დამოწმებული  ასლი), მისი დაკარგვის შემთხვევაში პირმა კომპეტენტური ორგანოდან უნდა წარმოადგინოს ცნობა დაკარგული მოწმობის სერიისა და ნომრის აღნიშვნით ან ამონაწერი სააღრიცხვო საინფორმაციო ბარათიდან;

    ბ) სამხედრო ბილეთი (დედანი და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი შესაბამისი ჩანაწერის სათანადოდ დამოწმებული ასლი);

    გ) საბრძოლო მოქმედებების პერიოდში მიღებული ორდენებისა და მედლების მოწმობები  (დედნები და სათანადოდ დამოწმებული  ასლები);

    დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენმტი (დედანი და ასლი)  და საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის მითითებით  სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;

    ე) შეზღუდული შესაძლებლობის შემთხვევაში – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, რომელშიც მითითებული იქნება შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზობრივი კავშირი ომთან;

    ვ) დაბადების მოწმობა (დედანი, ასლი).

    4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის და ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანის დამადასტურებელი  მოწმობის მაძიებელმა:

    ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სხვა შესაბამისი უწყებიდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (სამხედრო ბილეთში შესაბამისი ჩანაწერი; ჩარიცხვის, ამორიცხვის, მივლინების, წახალისების, წოდების მინიჭების, დაჯილდოების ბრძანებები, სამხედრო ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვ.). მაძიებელმა (გარდა იმ პირებისა, რომლებიც 2008 წელს გამოცხადებული საომარი მდგომარეობის პერიოდში მივლინებული იყვნენ კონფლიქტის ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად) ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი – ერთი   მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი. ხელმოწერები ძალოვანი უწყების მოსამსახურეებზე დადასტურებულ უნდა იქნეს შესაბამისი უწყების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ნოტარიულად.

    ბ) მოხალისეებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების დედნები და სათანადოდ დამოწმებული  ასლები. საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი – ერთი  მეთაურთა შემადგენლობიდან და  ორი თანამებრძოლი. ხელმოწერები დადასტურებულ უნდა იქნეს ნოტარიულად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი სპეციალური კომისიის ოქმი;

    გ) სამოქალაქო ავიაციის მფრინავების მიერ საომარი მოქმედების ზონაში სპეციალური რეისების შესრულების დამადასტურებელი საფრენოსნო ბარათის  დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი;

    დ) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში  სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (საბრძოლო მოქმედებებში მივლინების ბრძანება, ცნობა კადრებიდან სად და რა თანამდებობაზე იმყოფებოდა საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, დაჯილდოების,  წახალისების, წოდების მინიჭების  ბრძანებები,  ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის,  ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვ.). მაძიებელმა  ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს არანაკლებ სამი პირი – ერთი  მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი. ხელმოწერები  დადასტურებულ უნდა იქნეს შესაბამისი უწყების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ნოტარიულად. სამსახურში მოქმედი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილობის ფაქტის დამდგენი სპეციალური კომისიის ოქმი;

    ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი  (დედანი და ასლი) და საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის მითითებით  სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;

    ვ) შეზღუდული შესაძლებლობის შემთხვევაში – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, რომელშიც მითითებული იქნება შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზობრივი კავშირი ომთან;

    ზ) დაბადების მოწმობა (დედანი, ასლი).

    5. ომში დაღუპული ოჯახის წევრის და მარჩენალდაკარგულის მოწმობის მაძიებელმა:

    ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი  (დედანი და ასლი)  და საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის მითითებით  სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;

    ბ) მეუღლის შემთხვევაში – ქორწინების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი) და ცნობა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, რომ არ იმყოფება მეორედ ქორწინებაში, ბავშვების შემთხვევაში – ბავშვების დაბადების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი), მშობლის შემთხვევაში - დაღუპულის (გარდაცვლილის) დაბადების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი);

    გ) გარდაცვალების მოწმობა  (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი);

    დ) შეზღუდული შესაძლებლობის შემთხვევაში – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი (დედანი და ასლი);

    ე) თუ პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად წარმოდგენილ უნდა იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილება პიროვნების უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების და/ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი);

    ვ) თუ გარდაცვლილი დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით – წარმოდგენილ უნდა იქნეს ჯილდოს მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული  ასლი;

    ზ) გარდაცვლილის (დაღუპულის, უგზო-უკვლოდ დაკარგულის) ომში მონაწილეობის დამადასტურებელი ინსტრუქციით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული საბუთები (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი);

    თ) მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა ან ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი ომთან ან შესაბამისი უწყების გენერალური ინსპექციის დასკვნა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.

    6. სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის მაძიებელმა:

    ა)  საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი  (დედანი და ასლი)  და საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის მითითებით  სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;

    ბ) შესაბამისი უწყებიდან ცნობა, რომელიც ადასტურებს პენსიის/კომპენსაციის მიღების უფლებას წელთა ნამსახურობით ან შეზღუდული შესაძლებლობით (დედანი) ან წელთა ნამსახურობით დათხოვნის ბრძანების ასლი;

    გ) კომპეტენტური ორგანოდან სააღრიცხვო-საინფორმაციო ბარათის ამონაწერი;

    დ) ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა ამ ფაქტის დადასტურებისათვის სამხედრო ბილეთი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი  (დედანი და ასლი),  კომპეტენტური ორგანოდან სააღრიცხვო-საინფორმაციო ბარათის ამონაწერი;

    ე) დაბადების მოწმობა (დედანი, ასლი).

    ვ) მიღებული ორდენებისა და მედლების მოწმობები ან საუწყებო წარჩინების ნიშნების (დედნები და ასლები).

    თუ წარდგენილი განაცხადი ან დოკუმენტი შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, მაძიებელი ვალდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში წარადგინოს განცხადების ან დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

                სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის ბრძანებით სამსახურში შექმნილია ,,ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისია“, რომლის ძირითადი ამოცანაა ვეტერანის დამადასტურებელი სტატუსის მაძიებელ იმ პირთა (მათ შორის მოხალისეთა) განცხადებების განხილვა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადგენა, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულია აღნიშნული წესით ანკეტირებისათვის, ასევე იმ პირთა განცხადებების განხილვა, რომელთა დოკუმენტაციიდან არ დგინდება კონფლიქტის ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად მივლინების ფაქტი და არ გააჩნიათ ბრძანება კომფლიქტის ზონიდან დაბრუნების შესახებ.

    დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

    „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი;

    „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

    ,,ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს N509 დადგენილება;

    სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2014 წლის 24 მარტის N37/ს ბრძანება

    ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.