მთავარი » 2013 » ნოემბერი » 10 » ევროკავშირის ქვეყნებიდან არალეგალი ქართველების მასობრივი დაბრუნებაა მოსალოდნელი
14:23
ევროკავშირის ქვეყნებიდან არალეგალი ქართველების მასობრივი დაბრუნებაა მოსალოდნელი
"2014
წლის სექტემბრამდე შესაძლოა ათასობით არალეგალი ემიგრანტი სამშობლოში
დააბრუნონ. ახლადარჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპასთან
ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას სწორედ ამ პერიოდისთვის ელოდება.
ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთი მთავარი პირობა კი რეადმისიის
შეთანხმების შესრულებაა, რომელიც ევროპის ქვეყნებში მყოფი არალეგალების შინ
დაბრუნებასაც გულისხმობს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" "საგარეო
ურთიერთობათა საკითხების სპეციალისტების თქმით, ასოცირების ხელშეკრულების
გაფორმების შემთხვევაში ქართველებისათვის ევროპაში დასაქმება უფრო
ხელმისაწვდომი და ლეგალური გახდება. უფლებადამცველები კი მძიმე სოციალურ
ფონზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ ემიგრანტების დაბრუნება ასობით
ოჯახისთვის მძიმე ფინანსური დარტყმა იქნება. მთავრობა რეადმისიის
ხელშეკრულების შესასრულებლად აქტიურ მუშაობას იწყებს", - აღნიშნავს
გამოცემა. "მოგეხსენებათ,
საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს რეადმისიის ხელშეკრულება,
რომელიც ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოში მყოფი ნებისმიერი არალეგალი
საქართველოს მოქალაქის უკან დაბრუნებას გულისხმობს. ეს ხორციელდება
საქართველოს ბიუჯეტის ხარჯებით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან
არის დამატებითი მოტივაცია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოქმედი
საემიგრაციო სამსახურებისთვის, რომ რაც შეიძლება ინტენსიურად გამოავლინონ
საქართველოს არალეგალი მოქალაქეები. რეადმისიის შეთანხმება უკვე 2 წელია
ამოქმედდა და ამ ხნის მანძილზე ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც
ევროკავშირიდან საქართველოში არალეგალები იგზავნებიან და ამ ხარჯებს
საქართველო უზრუნველყოფს. ეს არის სერიოზული პროტესტის საგანი ჩვენს
მოქალაქეებში, რომლებიც ევროპაში არალეგალურად იმყოფებიან მხოლოდ და მხოლოდ
იმიტომ, რომ თავიანთი ოჯახები არჩინონ. იმიტომ, რომ საქართველოს
სახელმწიფო, სოციალური პოლიტიკიდან გამომდინარე, მათ დასაქმებას ვერ
უზრუნველყოფს. ამ პირობებში რეადმისიის ამოქმედება მათთვის არის ზურგში
ლახვრის ჩაცემა", - ამბობს უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე. "მინდა,
კიდევ ერთხელ მოვუწოდო მთავრობას, რომ ხელშეკრულებას გადახედოს. იმიტომ,
რომ ეს ყველანაირად გამორიცხავს სტრატეგიულ ურთიერთთანამშრომლობას,
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტიც
ოკუპირებულია და რომლის მკვიდრი მოსახლეობის 20 პროცენტი ქვეყნიდან
გასულია, საჭიროებს დახმარებას. ეს დახმარება კი არ არის, არამედ ზურგში
ლახვრის ჩაცემაა. ამას ხელს უწყობდა ძველი ხელისუფლება და, სამწუხაროდ,
ძველი ხელისუფლების სამართალმემკვიდრეები ამ პოლიტიკას აგრძელებენ", -
აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე. "ამ
ეტაპზე, ნოემბრის ბოლოს ვილნიუსის სამიტზე დაგეგმილია ხელშეკრულების
პარაფირება. ეს არ ნიშნავს ხელშეკრულების ხელმოწერას, ეს არის ხელმოწერამდე
ერთ-ერთი ეტაპი. ამ ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოსთვის უდიდესი
მნიშვნელობა გააჩნია, რაც ფაქტობრივად შეუქცევადს გახდის ჩვენი ქვეყნის
ევროკავშირში ინტეგრაციას. საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირის ქვეყნებში
ექნება როგორც თავისუფლად გადაადგილების, ასევე დასაქმების უფლებაც", -
დასძენს პოლიტოლოგი ირაკლი კიკიანი.