კატალოგი სტატიების
ნავიგაცია

პრესა, რადიო, TV

ფორმა შესვლის

კატეგორია გვერდის
Мои статьи [13]

ძებნა

მეგობარი საიტები
  • ქართული ჯარი
  • ტურიზმი
  • სამხედრო ჟურნალისტები
  • ვიდეო,ფოტო გადაღება
  • World Veterans Federation
  • FAQ по системе
  • Инструкции для uCoz

  • სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    რადიო ინფორმაცია

    მოგესალმები, სტუმარი · RSS 02.05.2024, 09:41

    მთავარი » სტატიები » Мои статьи

    მარიამ ჟღენტი – ქართულ–აფხაზური კონფლიქტის ისტორიიდან

    აფხაზები საქართველოში ჯერ კიდევ ძვ. წ. I ათასწლეულში ცხოვრობდნენ, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია დასავლეთ საქართველოს სამეფოს კოლხეთის ნაწილს შეადგენდა, რომელიც დასახლებული იყო ქართველი ტომებით (კორაქსი, კოლსი, კოლხები და სხვ.) ხოლო ქალაქები დიოსკურია (დღევანდელი სოხუმი) და პიტიუნტი ან პიტიუსი (დღევანდელი ბიჭვინთა) კოლხებით დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობდა. მოგვიანებით, ძვ. წ. I და II საუკუნეებში აფშილები და აბაზგები, რომლებსაც ზოგიერთი მკვლევარი თანამედროვე აფხაზების წინაპრებად მიიჩნევს, პირველად მოიხსენიებიან როგორც ზემოაღნიშნული ტერიტორიის მცხოვრებნი. აფშილები, მართლაც, ერთ-ერთი დასავლეთ ქართველური ტომია. რაც შეეხება აბაზგებს, არ არსებობს მყარი საფუძველი მივაკუთვნოთ ისინი თანამედროვე აფხაზების უშუალო წინაპრებს. ამ ტომებს არ გააჩნდათ არანაირი სახელმწიფოებრივი ტრადიცია, სახელმწიფოში სადაც ლაპარაკობენ და წერენ საკუთარ ენაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ არ გააჩნდათ ის აუცილებელი მინიმალური კომპონენტები, რომლებიც წარმოადგენდნენ ტომების ცალკე ერებად გარდაქმნის სათანადო საფუძვლებს. პირიქით, იმ პერიოდში არსებობდა ყველა პირობა რათა ეს ტომები გაერთიანებული ყოფილიყვნენ ცალკე მყოფ ქართველ ხალხთან. ამრიგად, არც ანტიკურ და არც ადრე ფეოდალურ ეპოქაში აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ყოფილა და აფხაზ ტომებს არასდროს ჰქონიათ თავიანთი საკუთარი სახელმწიფო. აფხაზეთი იყო ქართული სახელმწიფოებრივი ფორმირების განუყოფელი ნაწილი, პირველად კოლხეთის, შემდეგ ლაზიკის (ეგრისის), მოგვიანებით ე.წ. აფხაზეთის სამეფოს და ბოლოს, X საუკუნის ბოლოს იგი იქცა გაერთიანებული საქართველოს ნაწილი და გვიან შუა საუკუნებამდე იგი რჩებოდა მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულად როგორც სხვა საერისთავოები.

    შემდგომში, VIII ს-ის 80-იან წლებში, დასავლეთ საქართველო რომ გაერთიანდა, ამ სახელმწიფოს მეთაური გახდა ლეონ აფხაზთა მთავარი. აფხაზთა სამეფო ქართული სახელმწიფო იყო. მისი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას შეადგენდნენ ქართველები: ქართები, ეგრები, სვანები, ნაწილს – საკუთრივ აფხაზები. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით აფხაზთა სამეფო რვა ადმინისტრაციული ერთეულის, საერისთავოსაგან შედგებოდა.სწორედ აფხაზთა სამეფოს არსებობის დროს, IX-X საუკუნეებში, აფხაზთა მეფეების აქტიური მონაწილეობით, აფხაზთა სამეფო საბოლოოდ გამოეყო ეკლესიურად კონსტანტინეპოლს და მცხეთის ტახტს დაუქვემდებარდა. დასავლეთ საქართელოს ეკლესიის ბიზანტიიდან გამოყოფა და მცხეთასთან შეერთება მეცხრე საუკუნეში. საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში პირველ ადგილზე იდგა «მეფე აფხაზთა», რადგან ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ბაგრატიონთა სამეფო სახლის კანონიერი მემკვიდრე ბაგრატი III, (975 – 1014), რომელიც დედის ხაზით დასავლეთ საქართველოს სამეფოს ერთადერთი კანონიერი მემკვიდრეც იყო 978 წ. აკურთხეს „აფხაზთა მეფედ", ხოლო „ქართველთა მეფის" ტიტული მან მხოლოდ მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში მიიღო. აფხაზთა სამეფოს ქართულობაზე კიდევ ბევრი რამ მიუთითებს თუნდაც ის, რომ დედაქალაქი იყო ქუთაისი და არა ანაკოფია, ეკლესია ან არ გამოეყოფოდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს და თუ გემოეყოფოდა, ჩამოყალიბდებოდა საკუთრივ აფხაზეთის ეკლესიად, არ შეუერთდებოდა მცხეთის საკათალიკოსოს და არ დამკვიდრდებოდა წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე.

    აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო მანამ სანამ 1490 წელს საქართველო არ დაიშალა, ამ დროს აფხაზეთი იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში აღმოჩნდა, თუმცა შემდგომში აფხაზეთმა არაერთი ომი და ბრძოლა გადაიტანა.

    რაც შეეხება დამწერლობას, როგორც ცნობილია, შუა საუკუნეებში მთელ დასავლეთ საქართველოში, საკუთრივ აფხაზეთის ჩათვლით, მწერლობის, წირვა-ლოცვის ენა ქრისტიანობის მიღების შემდეგ ჯერ იყო ბერძნული, ხოლო ეკლესიის კონსტანტინეპოლიდან გამოყოფის და მცხეთის ტახტის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ – ქართული. XIX საუკუნეშიც, მიუხედავად რუსეთის იმპერიის მცდელობისა, ქართული ინარჩუნებდა თავის მდგომარეობას. პირველად აფხაზური (აფსუების ენის) ანბანი 1862 წელს შექმნა ცნობილმა მეცნიერმა უსლარმა რუსული გრაფიკის საფუძველზე 85 . რადგან რუსული გრაფიკით აფხაზური ბგერების გადმოცემა ძალიან რთული იყო, რამდენჯერმე სცადეს ამ ანბანის გამარტივება და დახვეწა. მაგ., 1892 წელს პედაგოგმა კ. მაჭავარიანმა და მისმა მოწაფემ, შემდგომში აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელმა და კლასიკოსმა დიმიტრი გულიამ შეადგინეს ახალი აფხაზური ანბანი ქართული გრაფიკის საფუძველზე, შემდეგ ნიკო მარმა სცადა აფხაზური ანბანის ლათინური გრაფიკის საფუძველზე შექმნა, მაგრამ ვერც ამ ცდამ მოიტანა სასურველი შედეგი. 1938 წელს ისევ დიმიტრი გულიამ, ქართველი მეცნიერების – აკაკი შანიძის და სიმონ ჯანაშიას დახმარებით შექმნა ახალი აფხაზური ანბანი ქართული გრაფიკის საფუძველზე.

    რუსეთის ხელისუფლება თავისი მიზნებისათვის იყენებდა ისეთ ტრაგიკულ მოვლენებს აფხაზი ხალხის ისტორიაში, როგორიც იყო მუჰაჯირობა. ფაქტობრივად ახდენდა რა მაჰმადიანი აფხაზების თურქეთში გადასახლების პროვოცირებას, შემდეგ დაბრკოლებებს უქმნიდა მუჰაჯირთა იმ ნაწილს, რომელიც სამშობლოში დაბრუნების სურვილს გამოთქვამდა. იგივე ხელისუფლება არ აძლევდა აფხაზეთში დასახლების უფლებას ქართველებს და ხელს უწყობდა მუჰაჯირთა მიწებზე სომხების, რუსების და სხვა ეროვნებათა წარმომადგენლების დასახლებას. როგორც შესანიშნავად ჩანს იმდროინდელი პრესიდან, მოწინავე ქართველი ინტელიგენცია, ილია ჭავჭავაძით სათავეში, ყოველნაირად ცდილობდა აფხაზთა თურქეთში გასახლების პროცესის შეჩერებას და მხარში ედგა აფხაზ ხალხს ამ მძიმე დროს. აფხაზთა ქართველთაგან სოციალურ-კულტურულ გათიშვასთან ერთად მიმდინარეობდა პოლიტიკური გათივშა. XVII – XVIII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში აფხაზთა ქართველთაგან გათიშვის პროცესს დამპყრობ თურქ-ოსმალთა ხელისუფლება ახორციელებდა, რომელიც ისლამის დამკვიდრებით ცდილობდა ქართულ–აფხაზური მოსახლეობა ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა. რუსები ყოველთვის ცდილობდნენ აფხაზეთის საქართველოდან გამოცალკევებას, თუმცა იმასაც ატყობდნენ, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო, სწორედ ამიტომ იგი შეყვანილ იქნა ქუთაისის გუბერნიაში.

    მიუხედავად მეფის რუსეთის პოლიტიკისა, 1918 წელს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაარსდა, აფხაზეთი მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მაშინ აღსდგა სახელწოდება აფხაზეთი, რომელიც ავტონომიის უფლებით შევიდა მასში. 1931 წლიდან აფხაზეთი ოფიციალურად არის ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც აფხაზეთის ასევე საქართველოს კონსტიტუციების მიხედვით. აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა წარმოადგენდა ერთადერთ ავტონომიურ წარმონაქმნს ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომელსაც კონსტიტუციაში გააჩნდა სპეციალური მუხლი სახელმწიფო ენის აფხაზურის შესახებ, აფხაზეთში ფუნქციონირებდა 73 სკოლა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აფხაზეთის ეროვნული ტელევიზია და სხვ.

    მმართველობით სტრუქტურებში აფხაზებს უპირატესობა ჰქონდათ ქართველებთან შედარებით, ისინი მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული პროიმპერიულ ძალებთან, აფხაზები 1980 წლიდან მოყოლებული მიზანმიმართულად ატარებდნენ ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობდა საქართველოდან მათ გამოყოფას, მათ დაიწყეს ისეთი საკანონმდებლო აქტების მიღება, რომელიც მნიშვნელოვნად კვეცავდა თბილისის იურისდიქციას, ამ ყველაფერს კი რაც ყველაზე მეტად სამწუხაროა თან ახლდა ომისთვის მზადება ლოზუნგით „აფხაზეთი ქართველების გარეშე".

    აფხაზურ ნაცონალურ–სეპარატიზმს სათავეში ჩაუდგა რუსული ორგანიზაცია „აიდგილარა", ის ორი მიმართულებით მუშაობდა, ერთის მხრივ ახდენდა მოსახლეობის იდეოლოგიურ დამუშავებას რათა შექმნილიყო სასურველი ფონი საქართველოდან აფხაზეთის გამოყოფისთვის, ხოლო მეორეს მხრივ ჩრდილოკავკასიელების და საბჭოეთის ცენტრის დახმარებით ამზადებდა შეიარაღებულ ბოევიკებს, ასევე ავრცელებდა აზრს, რომ აფხაზეთი მუდმივად რუსეთის შემადგენლობაში იყო და ის სტალინმა ჩამოაშორა მას, რაც რა თქმა უნდა მტკნარი სცრუეა და რბილად რომ ვთქვათ პროვოკაცია. სწორედ იმიტომ რომ გააცნობიერეს არ არსებობდა რაიმე სამართლებრივი მექანიზმი აფხაზეთის გამოსაყოფად, გეზი შეიარაღებული კონფლიქტისკენ აიღეს.

    თანამედროვე ქართულ–აფხაზურმა დაპირისპირება გამწვავდა 1989 წელს, როდესაც მიიღეს დადგენილება, სადაც ლაპარაკია ეროვნებათშორისო ურთიერთობის გაჯანსაღების აუცილებლობაზე, აფხაზეთისთვის სუვერენიტეტის დაბრუნების გზით ლენინური ფედერაციის ფარგლებში. ამან კი რა თქმა უნდა ქართული მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, საპროტეტსო გამოსვლები იყო არა მარტო ქართულ ქალაქებში არამედ აფხაზეთის ქალაქებშიც, გალში, ლესელიძეში, სოხუმში და სხვ.

    საქართველოს პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში ზვიად გამსახურდიას ბლოკის „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს" გამარჯვების შემდეგ აფხაზეთმა აქტიურად დაიწყო თბილისისადმი დაუმორჩილებლობის პოლიტიკის გატარება, 1990 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ვლადისლავ არძინბა, ამავე სესიაზე მიიღეს გადაწყვეტილება მომზადებულიყო კანონპროექტი აფხაზეთის ახალი საპარლამენტო არჩვნებისთვის. აფხაზეთმა მონაწილეობა მიიღო 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმში, სადაც ქართული სახელმწიფოებრიობის ბედი წყდებოდა, თუმცაღა არც 1991 წლის 17 მარტის რეფერენდუმისადმი ყოფილა გულგრილი, რომელშიც საბჭოთა კავშირის შენარჩუნება განიხილებოდა. ამავე პერიოდში მათ მიიღეს ისეთი დადგენილებები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიოდა ქართულ კონსტიტუციასთან ეს კი თბილისის სამართლიან აღშფოთებას იწვევდა, მიღებულ დებულებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ის რომ იურიდიული ძალის არმქონედ გამოცხადდა „საქართველოს რესპუბლიკის კანონი შინაგანი ჯარის– ეროვნულო გვარდიის შემნის შესახებ".

    აფხაზეთის ომი 1992-1993 წლებში იყო ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები, დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

    კონფლიქტის მოგვარების ხელისშემშლელი ფაქტორები იყო სამოქალაქო ომი ე. წ. „ზვიადისტებთან" რომელიც მიახლოებით იმავე პერიოდში განვითარდა დასავლეთ საქართველოში — სამეგრელოსა და აფხაზეთში და ქართულ-ოსური კონფლიქტი.
    კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2,500-დან 4,000-მდე აფხაზი, 20,000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა.

    პოსტსაბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი. ომმა და ომის შემდგომმა უწესრიგო შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გააპარტახა.

    როგორც უკვე ვახსენე, კონფლიქტი ჯერ კიდევ 1980 წლიდან არსებობდა, თუმცა პირველი შეიარაღებული შეტაკება ქართულ და აფხაზურ მოსახლეობის ერთ ნაწილს შორის 1989 წლის 16-17 ივლისს მოხდა სოხუმში. გავრცელებული მოსაზრებით, შეტაკებების გამომწვევი მიზეზი გახდა სოხუმის უნივერსიტეტის მისაღები გამოცდებისას მომხდარი ძალადობის ფაქტები. ამ ფაქტებისაგან გამოწვეული სამოქალაქო მღელვარება სწრაფად გადაიზარდა შეიარაღებულ შეტაკებებში, რომელთა შედეგად დაიღუპა 16 და დაიჭრა 140-მდე მოქალაქე, ძირითადად ეთნიკური ქართველი.

    აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაძაბულობამ საშიშ ზღვარს 1992 წელს მიაღწია, როდესაც აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა სამთავრობო სტრუქტურების შენობებს შეუტიეს. 1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ხელმძღვანელობამ რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ განაცხადა. ამ განცხადებას საერთაშორისო აღიარება არ მოჰყოლია, თუმცა უკიდურესად დაძაბა სიტუაცია თბილისსა და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შორის, დაძაბულობა გამძაფრდა ადგილობრივ მოსახლეობაში.

    1992 წლის 23 ივლისის დადგენილებით ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება შეჩერდა. 22 დღეში ეს ყველაფერი შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა და ეს ოპერაცია კომუნიკაციების დაცვას ითვალისწინებდა, თუმცა აშკარა იყო, რომ ქართველები სეპარატისტული ძალების განეიტრალებას ცდილობდნენ, პირველი გასროლა ოჩამჩირის რაიონის სოფ. ოხურეისთან მოხდა, ქართველებს გეზი სოხუმისკენ ჰქონდა, მათ ზედმეტი გართულებების გარეშე აიღეს სოხუმი, რადგან ქალაქს აფხაზთა 300 კაციანი ფორმირება იცავდა, რომელსაც აფხაზეთის სამხედრო კომისარი სერგეი ბარი ხელმძღვანელობდა. იმავე დღეს ვლადისლავ არძინბამ სოხუმის ტელევიზიით მობილიზაცია გამოაცხადა.მისივე ბრძანებით აფხაზეთის გვარდიამ საქართველოს სამთავრობო ძალებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. დაიწყო ასევე აფხაზ მოხალისეთა ბატალიონების ფორმირება. ქალაქში, რომელიც ტურისტებით იყო სავსე პანიკა ატყდა. ისინი ქალაქს ყველა საშუალებით ტოვებდნენ. იმავე დღეს შედგა მოლაპარაკება მხარეებს შორის. მოლაპარაკებაზე არძინბა არ გამოჩენილა. 18 აგვისტოს უშედეგო მოლაპაკებების შემდეგ ქართულმა ჯარმა ქალაქში შესვლა დაიწყო. 12:30 საათზე მათ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შენობა ბრძოლის გარეშე აიღეს.

    საბრძოლო მოქმედებებიდან ცოტა ხნის შემდეგ 1992 წლის 3 სექტემბერს რუსეთის ინიციატივითა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ხელმძღვანელთა მონაწილეობით მოსკოვში მოეწერა ხელი „შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ" ამ დოკუმენტის პირველი მუხლი იუწყებოდა, რომ უზრუნველყოფილია საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა, კონფლიქტის მონაწილე ყველა შეიარაღებული ფორმირება 1992 წლის 5 სექტემბრიდან წყვეტს ცეცხლს და ყოველგვარი ძალის გამოყენებას ერთმანეთის წინააღმდეგ, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც დროებით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე ინარჩუნებენ სრულ ნეიტრალიტეტს და არ ერევიან საშინაო საქმეებში. ამ დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბორის ელცინმა, ედუარდ შევარდნაძემ და ვლადისლავ არძინბამ. შეთანხმების შესრულების გარანტი რუსეთი უნდა ყოფილიყო, ქართულმა მხარემ გაგრიდან გაიყვანა ჯარი, ამის საპასუხოდ კი მოწინააღმდეგემ შეთანხმება დაარღვია და შტურმით აიღო გაგრა, სადაც დაიწყო ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდა.

    1992 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალები ფაქტობრივად არ ჰყავდა. ყველა დაჯგუფებას საკუთარი მეთაური ჰყავდა და ყველა რაზმი თავისთვის იბრძოდა. არ არსებობდა ბატალიონებს შორის კორდინაცია. ხშირ შემთხვევაში არ არსებობდა საერთო მეთაურობაც. გაგრის დაჯგუფებას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მიხეილ მარინაშვილი ხელმძღვანელობდა. 1992 წლის სექტემბრის ბოლოსთვის გაგრაში თავმოყრილი იყო დაახლოებით 3000-კაციანი შენაერთი. ქალაქში არ არსებობდა დისციპლინა და ქალაქის დაცვის ერთიანი გეგმა. ჯარისკაცებს სანგრებიც კი არ ჰქონდათ გათხრილი.გაგრის აღება აფხაზებისთვის საციცოცხლო მნიშვნელობას იძენდა, ზამთრის დადგომასთან ერთად იკეტებოდა მთებზე გადასასვლელი ბილიკები. თუ რუსეთთან ბლოკირებულ საზღვარს არ გახსნიდნენ, აფხაზები ზამთარს ვერ გადაიტანდნენ.

    1 ოქტომბერს საღამოს ექვს საათზე, აფხაზურმა მხარემ გაგრაზე შეტევა დაიწყო. წითელი ჯვრის საგუშაგო, რომელსაც ლესელიძეს ბატალიონი იცავდა, რამდენიმე წუთში აიღეს. უკან დაიხია "ავაზას” ქვედანაყოფმაც. აფხაზთა მძიმე ტექნიკამ ის ადგილები გაიარა, რომელიც წინასწარ დანაღმული უნდა ყოფილიყო. შვიდი საათისთვის მოწინააღმდეგე უკვე კოლხიდას მიუახლოვდა. აფხაზთა დამრტყმელ ძალას შამილ ბასაევის კონფედერადთა ბატალიონი და კაზაკები შეადგენდნენ. საერთო ჯამში ქალაქს დაახლოებით 600 ჯარისკაცი უტევდა. აფხაზებმა კოლხიდაში მდებარე შტაბი და უნივერმაღის შენობა დაიკავეს. 1 ოქტომბერს დაბა კოლხიდა დაიკარგა, 2 ოქტომბერს კი გაგრა დაეცა, 5 ოქტომბერს აფხაზებმა განთიადი-ლესელიძეს მონაკვეთი აიღეს და რუსეთის საზღვარზე საკუთარი დროშა ააფრიალეს. აფხაზთა ხელში აღმოჩნდა გაგრის დაჯგუფების მთელი არსენალი. ქალაქის აღების შემდეგ, სეპარატისტები ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ. დახოცილთა გვამები პირდაპირ ქალაქის ქუჩებში ეყარა.

    1993 წლის 27 ივლისს საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ ენდო რუსულ მხარეს და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც ღალატი მიიღო პასუხად. ამ დღეს უკვე მეორედ დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება ქართულ, რუსულ და აფხაზურ მხარეებს შორის, შეთანხმება ითვალისწინებდა მხარეთა განიარაღებას და კონფლიქტის ზონის ეტაპობრივ დემილიტარიზაციას, უნდა შექმნილიყო ქართულ–აფხაზურ რუსული საკონტროლო ჯგუფები, რომლებიც მეთვალყურეობას გაუწევდნენ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულებას, შეთანხმებაში ასევე აღინიშნა, რომ კონფლიქტის ზონაში შედიან საერთაშორისო მეთვალყურეები და ცეცხლის შეწყვეტიდან 10–15 დღეში აფხაზეთის ტერიტორიიდან გადიან ქართული საბრძოლო შენაერთები, წესრიგის დასაცავად გამოყენებული უნდა ყოფილიყო საერთასორისო სამშვიდობო ძალები, აგრეთვე გაეროს კონსულტაციით, კონფლიქტის ზონაში დროებით განლაგდა რუსული საჯარისო შენაერთი, თუმცა რუსულ ჯარებს რა თქმა უნდა თეორიულად უნდა დაეცვათ მკაცრი ნეიტრალიტეტი, შევარდნაძის ხელისუფლებამ ისევ და ისევ რუსეთის ნდობის საფუძველზე საქართველოს შეიარაღებული ძალების და მძიმე ტექნიკის ფოთის მიმართულებით გამოყვანა დაიწყო, ამის საპირისპიროდ აფხაზურ მხარეს იგივე რაღა თქმა უნდა არ გაუკეთებია, სიტუაცია ისიც ამძიმებდა, რომ ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოში მიმდინარეობდა შეიარაღებული შეტაკებები ზვიად გამსახურდიას მომხრეებსა და ედუარდ შევარდნაძის სამთავრობო ჯარებს შორის, ამ ვითარებამ კი ხელი შეუწყო რუს გენერლებს და აფხაზ სეპარატისტებს დაეწყოთ სოხუმის დაბომბვა. ეს მოხდა 16 სექტემბერს. ამ დროისთვის სეპარატისტები ავტონომიური რესპუბლიკის ნახევარს აკონტროლებდნენ. რუსებთან საზღვრის გახსნის შემდეგ აფხაზთა პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა. გაგრაში ქართული შენაერთების ლიკვიდაციის შემდეგ აფხაზებმა მთავარი ყურადღება სოხუმის აღებაზე გადაიტანეს.
    ფართომაშტაბიანი ოპერაციის განსახორციელებლად აფხაზებმა მოქმედება გეგმაზომიერად დაიწყეს. პირველ რიგში საორგანიზაციო საკითხები მოაწესრიგეს. 10 ოქტომბერს აფხაზებმა თავდაცვის სამინისტრო ჩამოაყალიბეს. სეპარატისტულ არმიას დაქირავებულები ყოველ დღე ემატებოდნენ. 16 მარტს განსაკუთრებული როლი არტილერიამ ითამაშა. იერიშზე გადმოსულ სეპარატისტთა უკანა ეშელონი ქართული ქვემეხების ცეცხლში მოჰყვა. აფხაზებმა უდიდესი დანაკარგი განიცადეს. აშკარა გახდა, რომ აფხაზთა შტურმი მიზანს ვერ აღწევდა. დაახლოებით 15:00 საათისთვის სეპარატისტებმა უკან დახევა დაიწყეს. დღის ბოლოს გუმისთა აფხაზებისგან მთლიანად გაიწმინდა. მარტო დაღუპულების სახით აფხაზურმა მხარემ 1000-მდე კაცი დაკარგა. აფხაზებმა იმდენად დიდი დაკარგი განიცადეს, რომ მათ რიგებში პანიკა წარმოიშვა. თუმცა ქართული მხარე იერიშზე არ გადასულა. ჯარი კონტრ-შეტევის ბრძანებას ამაოდ ელოდა. ამის გამო 16 მარტის გამარჯვება მხოლოდ ომის ერთ-ერთ ეპიზოდად დარჩა. მნიშვნელოვანმა სამხედრო წარმატებამ კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენა მაინც ვერ მოახდინა.

    14 მაისს რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო. შეთანხმება ძალაში 20 მაისიდან შედიოდა. აფხაზეთში ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შემოყვანა ახალი ძალით განახლდა. ორი თვის განმავლობაში აფხაზეთში შედარებითი სიმშვიდე იყო და მხოლოდ პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობდა.

    16 სექტემბერს სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და იერიშზე გადავიდნენ. აფხაზთა არტილერიამ, რომელიც წესით რუს სამხედრო დამკვირვებლებს უნდა ეკონტროლებინათ, ცეცხლი გახსნა. აფხაზთა მხარდაჭერას რუსეთის ავიაცია ახორციელებდა.

    კონფლიქტის შედეგად ქართული მხრიდან 3.000-ზე მეტი მარტო ჯარისკაცი დაიღუპა. სეპარატისტები და მათი თანამებრძოლები საშინლად გაუსწორდნენ აფხაზეთის მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას, მარტო პატარა საკურორტო ქალაქ გაგრაში 1.000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს სასტიკი წამებითა და შეურაცხყოფით. ეთნიკური წმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების საშინელი ფაქტებია დაფიქსირებული გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტებში. სეპარატისტები ხშირ შემთხვევაში მათ მიერ აღებული სოფლების ქართულ მოსახლეობას თითქმის მთლიანად ანადგურებდნენ.

    სიტუაციის გამოსასწორებლად 17 სექტემბერს შვარდნაძე შეხვდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს თუმცა უშედეგოდ. 18 სექტემბერს მან გაავრცელა მიმართვა სადაც ყურადღება გამახვილებული იყო რუსეთის მხარის უუნარობაზე, რადგან მან ვერ შეძლო დაეცვა მშვიდობა, ან არ სურდა გაეკეთებინა ეს, აქ არ იყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთი თავად ბომბავდა ქართულ მიწებს, ეს კი აღსაშფოთებელია რადგან საქართველოს პირველმა პირმა შეგნებულად დაამახინჯა ქართული ისტორიის მწარე რეალობა და აფხაზეთის ტრაგედიის მთავარი მიზეზი.

    არანაირი რეაქცია არ ჰქონია საერთაშორისო თანამეგობრობას, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, სამი დღის შემდეგ აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გაიწმინდა ქართული მოსახლეობისგან რაც ფაქტიურად გენოციდის ტოლფასია. მორიგი ეთნიკური წმენდა განხორციელდა 1998 წელს გალის რაიონში რის შედეგადაც სახლში სპონტანურად დაბრუნებული 49 ათასი ქართველი კვლავ დევნილი გახდა.

    2008 წლის 13 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთლინი ტერიტორია აფხაზურმა და რუსულმა ძალებმა დაიკავეს. ეს ფაქტი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და საქართველოსაგან გამოცხადდა როგორც ოკუპაცია. საყოველთაოდ აღიარებულია ის გარემოება რომ ქართულ–აფხაზური კონფლიქტი პრაქტიკულად აღარ არსებობს და ეს არის ქართულ–რუსული ომის ფორმა.

    დღევანდელი გადასახედიდან კონფლიქტი პრაქტიკულად გაყინულია. მოლაპარაკების ერთადერთი რეალური ადგილი ჟენევაა, თუმცა ისიც პრაქტიკულად უშედეგო. რუსეთი 12 აგვისტოს შეთანხმებას არ ასრულებს, რომლის თანახმადაც საქართველოს მთელი ტერიტორია, მათ შორის აფხაზეთი და სამაჩაბლო, მისმა შენაერთება უნდა დატოვონ. გრძელდება დაკავებული ტერიტორიების მილიტარიზაცია და მყარდება ოკუპაცია.

    ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ქართველ მოსახლეობაში ისევ მწვავედ დგას. მისი მოგვარების გზა ცალსახაა: მოდერნიზაცია და გავითარება ყველა, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ სფეროში. პარალელურად კი იმის გათვალისწინება აუცილებელია, რომ ოკუპაცია მუდმივი მდგომარეობა არ არის და ყინულის გადნობა მუდმივად საფრთხის შემცველია.


    კატეგორია: Мои статьи | დაამატა: Multina (20.10.2012)
    ნანახია: 2070 | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]
    ვებგვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, იმფორმაციებზე.